Tel: 558 171702
Facebook Page: https://www.facebook.com/airsoftarenage
Youtube Channel: Airsoft Arena
Airsoft Arena-ის და ზოგადად აირზოფთის ისტორია საქართველოში


Airsoft Arena-ს გახსნამ გარკვეული ინტერესი გამოიწვია, ძირითადად ისევ airsoft წრეებში, ვინ გახსნა არენა, რატომ გახსნა და ზოგს კიდევ არ ესმის რა ნიშა უკავია არენა-ს აირსოფტ-სოციუმის ცხოვრებაში, რომელიც ნამდვილად ცალკე ფენომენია, ამიტომ საჭიროდ ვთვლით გაგაცნოთ ისტორია საქართველოში airsoft-ის პირველ დღეებიდან დღემდე

Airsoft arena-ს დამფუძნებელი და დირექტორი, უჩა აბაშიძე, ასევე ცნობილი როგორც “კიბორგა”, დღეს 33 წლის არის

ყველაფერი კი დაიწყო 16 წლის წინ

17 წლის მეგობრებს უნდოდათ პეინტბოლის თამაში, მაშინ საქართველოში არ არსებობდა პეინტბოლი (2000 წლის შემოდგომაზე) - დადიოდა მითები რომ იპოდრომზე ვიღაცას მიჰქონდა რაღაც ზამბარაზე მომუშავე პეინტბოლის 4 თოფი, მაგრამ ჩვენ ვერ მივაგენით

დავიწყეთ ძებნა ინტერნეტში მეზობელ ქვეყნებში თუ იყო რამე მსგავსი, იმ იმედით რომ იქნებ იქ ვითამაშოთ წელიწადში 1-ხელ მაინც თქო

და წავაწყდით საკმაოდ ბევრ უკრაინულ და რუსულ ფორუმებს, სადაც ადამიანები წერდნენ რაღაც სამხედრო თამაშებზე და მხოლოდ ღრმად ჩაძიების მერე მივხვდით რო საუბარი არ იყო პეინტბოლზე, არამედ პლასმასის ბურთულების სროლაზე

იქვე ეწერა უამრავი აღწერილობა როგორ გადავაკეთოთ “ჩინური სათამაშო თოფები” - სტრაიკბოლის იარაღებად (რუსულ ენოვან სამყაროში აირსოფტს სტრაიკბოლი ქვია, იმ დროს ბევრი ინგლისურ ენოვანი ქვეყანაც მასე მოიხსენიებდა, ორივე სახელი ერქვა მაშინ, აირსოფტი უფრო მოგვიანებით დამკვიდრდა საბოლოოდ)

ჩვენც წავედით, ვიყიდეთ იმ ფორუმებზე აღწერილი ჩინური სათამაშო თოფები (10-15-20 ლარის ფარგლებში ღირდა მაშინ, ბაზრობაზე) - და გადავაკეთეთ როგორც გვასწავლიდნენ

მაგალითად ლულის “როლში” უნდა ჩაგეყენებია სპორტული მშვილდისრის ისარი, რომლის შიდა დიამეტრიც ზუსტად ემთხვეოდა აირსოფტის ტყვიის დიამეტრს, 6 მმ(გაკვირვებულები გვიყურებდნენ “სკა”-ზე მემშვილდოსნეები როცა 2-3 ისარი გვაჩუქეს გაურკვეველი მიზნებისთვის)

უნდა სპეციალური მეთოდებით გაგეძლიერებია ზამბარა, უნდა ალუმინისგან ან ლატუნისგან გამოგეთალა ჩახმახის კბილანა (ვერ უძლებდა ძლიერ ზამბარას პლასმასის ჩახმახი) და ა.შ.

პირველი აირსოფტ თამაში ჩავატარეთ მზიურში, ჩემმა 2-მა მეგობარმა და 2მა უმცროსმა ძმამ

ეს ის დროა როცა მზიურის ქვედა ნაწილი მთლიანად მიტოვებული ჯუნგლები იყო

იმ დროს მთელს მსოფლიოში ჯერ არ არსებობდა აირსოფტი ნორმალურად, წესებს ყველა ერთად ვიგონებდით პლანეტაზე, პოსტ-საბჭოური სამყაროს 90% თამაშობდა გადაკეთებული ჩინური სათამაშოებით…

ელექტრო “რეალისტურ” იარაღებს, AEG-ებს (Automatic Electric Gun) - აწარმოებდა პრაქტიკულად მხოლოდ Tokyo Marui, იაპონური კომპანია, რომელიც უშვებდა მთლიანად პლმასისგან დამზადებულ ავტომატურ პრაქტიკულად ისევ სათამაშოებს, ოღონდ მიახლოებულს რეალურთან ვიზუალურად, რომლებიც დიდად უკეთსად არც ისროდა ვიდრე მშვილდისრის ლულიანი გადაკეთებული ჩინური სათამაშოები

ამასობაში ჩვენ უკვე რეგულარულად ვიკრიბებოდით ყოველ კვირას, 8-10 მეგობარი და ვთამაშობდით, რაციებად ასევე სათამაშო რაციებს ვიყენებდით, მზიურს არ გავცედნილვართ მარა იმ დროისთვის იდეალური პოლიგონი იყო ქალაქის ცენტრში, ადამიანის ჭაჭანება არ იყო კვირასაც კი და სრულიად მიტოვებული ჯუნგლები იყო აქა-იქ შემორჩენილი ხელ-ქმნილი ობიექტებით

2001 წელს მოვიდა რუსთავის2-ის დილის გადაცემა, ჩაწერეს სიუჟეტი და გავიდა რუსთავი 2-ზე, როგორც “ექსცენტრიული ბავშვები ექსტრემალური სპორტით ინტერესდებიან”, 16-ნი ვიყავით იმ თამაშზე, ჟურნალისტები მოდიანო და ყველა მოვიდა ვისაც მანამდე უცდია…

დაგვცინეს ძირითადად, რითი ერთობით ბავშვებიო

არ დამავიწყდება ერთ-ერთი ოპერატორი სრული სერიოზულობით როგორ მელაპარაკებოდა 18 წლის ღლაპს - მეო სახლში კალაშა მაქო ნამდვილიო, და ბრონეჟილეტიო - გაჩითეთ თქვენცო და ვითამაშოთ მაზიანზე, თავში სროლას არ ვიყოთო და ხელში ფეხში დაჭრას არაუშავსო. მე სერიოზულად ვუხსნიდი რო ჩემი, მაშინ უკვე, გამოცდილებით ადამიანი რო უმიზნებს - პირველი რასაც ხედავ მტრისას არის მარჯვენა თვალი და თავი და არ გამოვა თავში არ სროლა თქო (მეტი ლოგიკური არგუმენტი არ მქონდა და...)

"ნუცუბიძის პირველი პლატო" - მაშინ მითად ქცეული "ავტომატური" ჩინური სათამაშო უზის ტესტირება (მიერთებული გვაქ UPS_ის ბატარეიკაზე, ამ სურათის და 10 ტყვიის მერე აღარასოდეს გაისვრის)

მას მერე გადავინაცვლეთ მიტოვებული მშენებლობის ტერიტორიაზე ნუცუბიძის პირველ პლატოზე, სადაც 4 გუნდი ჩამოვყალიბდით, 5 კაციანი გუნდები, და ერთსა და იმავე ადგილზე, ყოველ კვირა დღეს, ვთამაშობდით 3-4 საათი მაინც, რვეულში ვიწერდით ვინ ვინ მოკლა და მიდიოდა რეიტინგების დათვლა და ტაქტიკური მონახაზები…

ნელ-ნელა კიდევ მოგვემატა ხალხი და ის მიტოვებული მშენებლობა აღარ იყო საკმარისი, გადავედით ბაგებში მიტოვებულ მშენებლობაზე (რომელიც დღემდე მიტოვებულია, წყნეთისკენ რო მიდიხართ ავტობუსების გაჩერების გადაღმა, ხეებში ჩაფლული 3 სართულიანი ნანგრევები არის აირსოფტის ერთ-ერთი ისტორიული ალმა მატერი, თქვენ კიდევ არ იცით, ერთხელ პოლიციაც ამოგვივარდა - ზურაბ ჟვანიას დაცვამ ჩაიქროლაო და იარაღებიან ხალხი დაინახესო, კიდევ კაი არ გვესროლეს ნაცნობი პატრულის თანამშრომელი აღმოჩნდა ერთ-ერთი, ნათამაშებიც ჰქონდა ჩვენთან ერთად ნუცუბიძეზე და….)

"ბაგების პოლიგონზე" ერთ-ერთი პირველი თამაშის მერე

"ბაგების პოლიგონზე" - მაშინ, ამ სურათიდან მხოლოდ 4-ნი შემოვრჩით ვინც ვთამაშობთ დღემდე, 19-21 წლისები... მაშინდელი სტატია "არსენალში"



იქ უკვე საინტერესო და კარგი თამაშები იმართებოდა, იყო ტყიანი მონაკვეთი, ცოტა რელიეფი - 3 სართულიანი დაუმთვრებელი მშენებლობა, მიტოვებული ამწე-კრანი და ა.შ.…

სადღაც იმავე დროს მე ჩამოვიტანე პირველი AEG საქართველოში, Tokyo Marui S-System - რომელიც იყო Barret M468-ის არისოფტ “კლონი” (M4-ის 6.8mm-იანი ექსპერიმენტალური ვერსია Barrett-ის მიერ) და ნუ ეს იყო საოცრება, გამოკრავდი ჩახმახს და ისროდა! - არ ჭირდებოდა გადატენვა, ჰოპ-აპი ხელნაკეთი კი არა - ნამდვილი იყო (ტყვიის დატრიალების მექანიზმი, ზრდის სროლის მანძილს, მაშინ ჩვენით “ვქმნიდით” სათამაშო თოფებზე რეზინისგან და ვინტით ვუჭერდით ზემოდან, ეხლა სტანდარტლად აყენია ყველა AEG_ზე)

სადღაც 2003 წლამდე მოგვემატა ხალხი, მათ შორის საკმაოდ უფროსები, სხვებმაც ჩამოიტანეს ავტომატები და თუ მეხსიერება არ მღლატობს 2005 წლისთვის, ორხევში დიდ მიტოვებულ სამეწარმეო ტერიტორიაზე თამაშებისას, სადაც 30-40 კაცი ვგროვდებოდით და უკვე 14 ავტომატი იყო მთელ კლუბში!



ამ ვიდეოში, ბაგების პოლიგონზე მიკავია Tokyo Marui-ის MP5 SD6 -ი, მაშინ იყო გუნდი LTD (საკმაოდ ცნობილი counter-strike_ის გუნდი რეალურად) - და მათი კაპიტანის HAV-ას ავტომატი იყო ეს, გვერდით "ლეიმს" ველაპარაკები პარალელურად შეუტიოს, ინტერნეტ პროვაიდერ SANET-ს ქონდა counter-strike_ის სერვერები... კლaნვორი? - მგონი ეგრე ერქვა, იმის ადმინი იყო, "lame". 2005 წელია. მაშინ ვიყიდე genius_ის რაღაც სტრანი კამერა, 640x480-ზე იწერდა ვიდეოს ძლივს და მივი-იზოლენტე თავზე

იმავე წელს ვიყავი უკრაინაში რამდენიმე აირსოფტ თამაშზე, მათ შორის 300 კაციან D-Day-ს გადათამაშებაზე, და იქვე დავრწმუნდი იმაში რო “ღია მიღება თამაშებზე” აირსოფტში - იწვევს საშინელ არა პატიოსან თამაშს და მუდმივ ჯაჯღანს და ჭიჭყინს “მოგხვდა, არ მომხვდა”-ს თემაზე

იმ წელს, რუსთავში, მიტოვებული ჰოსპიტალის ტერიტორია

ყველაზე მაგარი ის არის რო ამ სურათიდან 3-4 ადამიანის გარდა დღემდე ყველა თამაშობს და მეგობარია


დავბრუნდი თუ არა მკაცრად დავაწესეთ კლუბის პრინციპი რომ მიღება არის მხოლოდ ვინმე კლუბის წევრის რეკომენდაციით - და პასუხს მის პატიოსნებაზე აგებს ის წევრი, მაინც არაერთი ინციდენტი მოხდა რომელიც დისკვალიფიკაციით დამთავრდა კლუბიდან, მარა საბოლოოდ “დავღვინდით” და საკმაოდ ნორმალურ მეგობრულ გარემოდ ჩამოყალიბდა ყველაფერი

2006 წელს მე არ ვიყავი ქვეყანაში და კლუბი განაგრძობდა ცხოვრებას, ჩაატარეს საინტერესო თამაშები რამდენიმე მიტოვებულ ბომბ-საწინააღმდეგო ბუნკერში და ვიდეოებით მიწევდა თვალყურის დევნება, სამწუხაროდ ნიუ-იორკის შტატში აირსოფტი ძალიან შეზღუდულია კანონების გამო და არ გამომივიდა იქ თამაში

2006 წელს ბუნკერში თამაშის ვიდეო

2007-ში დავბრუნდი და ისე დაემთხვა რომ იმავე წელს, შემთხვევით შეიარა ერთ-ერთმა კლუბის წევრმა სათამაშოების მაღაზია “ბანანაში” (სააკაძის მოედანთან იყო მაშინ) და შემთხვევით მოკრა თვალი “ჩინური სათამაშო თოფების” სექციაში ფრიად რეალისტურ მოდელებს, გვითხრა ჩვენ და მივედით ვნახეთ და…

ბანანას მფლობელმა პრაქტიკულად შემთხვევით ჩამოიტანა რამდენიმე ცალი CYMA-ს წარმოების AKSU და CYMA-სვე წარმოების MP5K - ელექტრო, ავტომატურები, რკინის კორპუსით…

რომლებიც საკმაოდ ასატანი ფასი ღირდა (150-200 ლარი, MARUI-ის ავტომატი 4 მაგდენი მაინც გვიჯდებოდა)

CYMA იყო ერთ-ერთი პირველი ჩინური ფირმა, რომლებმაც აიღეს ტაივანური Classic Army-ის მოდელები (რომელიც Marui_სგან განსხვავებით მეტალის, კერძოდ კი “სილუმინის”, იარაღებს აწარმოებდა, ბევრად რეალისტური იყო და შედარებით გამძლეც) - მოპარეს მოკლედ კლასის-არმის მოდელები და აწარმოებდნენ ბევრად იაფად

მაღაზიის მფლობელი დაინტერესდა ჩვენი ჰობით, გაგვესაუბრა, გვაჩვენა კატალოგი რისი ჩამოტანა შეეძლო და შემდეგ პარტიაში უკვე 30-30 ავტომატი ჩამოიტანა ჩვენი “შეკვეთით”, რომელბიც ასევე მყისიერად გამოისყიდა ჩვენმა უკვე არც ისე მცირე რაოდენობის მოთამაშეებმა, კიდევ რამდენიმე ადამიანმა იყიდაო - ვიზუალის გამო ძირითადად, გვიკვირდა ნეტავ რად უნდათო, სათამაშოსთვის ძვირი იყო და…

2007-ში ჩატარდა პირველი “დიდი” თამაშები, 30-30-ზე, შავნაბადას მონასტერთან იყო რაღაც მიტოვებული ფერმები და იმ ფერმებს ვუტევდით კვირაობით, ხან ორხევში ვთამაშობდით, ხან მიტოვებულ ქარხანაში - ფონიჭალაში, ხან წყნეთში ტყეებში, მოკლედ ნამდვილად მაგარი წელი იყო

მთელი 2007 წელი ვთანამშრომლობდით “ბანანა”-სთან, ქართული აირსოფტი სამუდამოდ დაემშვიდობა გადაკეთებულ სათამაშო “ვინჩესტერებს”

2007 წელი, ფონიჭალას პოლიგონი, თამაშის დროს გადაღებული ვიდეო

2008-წლისთვის კიდევ უფრო გავიზარდეთ და გავსერიოზულდით, და აი 2008 წლის ზაფხულში, კერძოდ კი 9 აგვისტოს (შაბათი უწევდა) - დაგეგმილი იყო დიდი airsoft ტურისტული კორპორატივის ჩატარება

ერთ-ერთ დიდ სარეკლამო კომპანიას უნდოდა თავისი ასევე დიდი კლიენტისთვის (ინტერნაციონალური სარეკლამო იყო, ინტერნაციულური დიდი კომპანიით) - კორპორატიული ტურისტული “ივენთის” მოწყობა, რომელიც მთელი კვირა უნდა გაგრძელებულიყო და უნდა მოეცვა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, უნდა ეცხოვრათ კარვებში და უნდა დავსხმოდით ჩვენ თავს, მთელი თვე წავიდა ორგანიზაციულ საკითხებზე, ივენთი მოიცავდა ლაშქრობებს, მოიცავდა ჯომარდობას და ა.შ. გაზავებულს აირსოფტით

მაგრამ მოგეხსენებათ - 2008 წლის 8 აგვისტოს ომი დაიწყო… ზოგი სტუმარი აეროპორტიდან გატრიალდა, 2 ადამიანი ჩამოსული გაბრუნდა ქვეყნიდან და ა.შ.

მე მაშინ მოხალისედ ვიყავი, მერე დაბრუნებულს 1 თვე არაფრის გაგონება არ მინდოდა…

2008-წლის გაზაფხული, ომამდე

სადღაც ოქტომბრიდან განვაახლეთ თამაშები, კიდე უფრო “სერიოზული” და მილიტარისტული მიდგომით ვიდრე მანამდე

იმავე დროს შემოგვემატა კლუბში ლაშა დოლიძე, ასევე ცნობილი როგორც “ჰასლერა”, მაშინ ჩვენ კლუბში ბევრს მოუწია 2008-ში მონაწილეობა და ძაან ძმური და საბრძოლო განწყობა იყო ზოგადად







მაშინ, ფონიჭალაში, დიდი სათვალით თავზე და M4-ით - "ჰასლერა"



პარალელურად მთელ ქვეყანაში იგივე ხდებოდა და ბევრს უდუღდა სისხლი, ჩვენ კი არ ვთმობდით ჩვენს “ჩაკეტილ კლუბის” მიდგომას და არავის არ ვიმატებდით მასიურად

შედეგად ისე მოხდა რომ ჰასლერამ რამდენიმე მეგობარი ცალკე ათამაშა, მერე იმათ სხვები დაემატნენ, იმათ სხვები… მერე დაინტერესდა რამდენიმე ბიზნესმენი ადამიანი - დაქოქეს airsoft იარაღების მაღაზია - ჩამოიტანეს და კიდე უფრო ხელმისწავდომი გახადეს აირსოფტი… ჰასლერა დარჩა იმ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად და მხოლოდ გაერთიანებულ ივენთებზე ვიკვეთებოდით მას შემდეგ

ჯამში 2009-წლის ზაფხულისთვის მეორე, “დიდი კლუბი” - ხანდახან 200 კაციან შეკრებებს მართავდა. ჩვენ კი იმ წელს 78 კაციანი თამაში ჩავატარეთ რომელიც იყო ჩვენი მაქსიმუმი ისტორიაში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თავდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა და ოფიციალური ფორმატი იყო - წვრთნა სხვადასხვა ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის

ვიდეო ვაზიანის თამაშიდან, ასეთი ვიდეო 6-ია, 6-ვე ტელევიზიას უნდა მოემზადებინა "ვითომ ნამდვილი" სიუჟეტი, მათ შორის 1 სომხური ტელევიზიაც იყო, related-ებში ნახეთ სტატია რომ არ გაიწელოს

სხვა თამაში, ისევ ჟურნალისტებთან ერთად, სხვა ლოკაციაზე

200 ერთმანეთისთვის უცხო კაცს თავისი მინუსებიც აქვს, რაც რამდენიმე წლით ადრე ვნახე უკრაინაში და ჩვენთნაც იგივე პრობლემები იყო - ჩხუბი, ჯაჯღანი, დაპირისპირება, ინციდენტები… მარა ხალხი დადიოდა და გარკვეული ნაწილი ძალიან ენთუზიაზმით უდგებოდა საქმეს

ჩვენ ჩვენთვის ვაგრძელებდით ჩვენს “დახურულ” საქმეს, იმ წლებში ვმართავდით 2 და 3 დღიან თამაშებს, გადაბმულად 24 და 36 საათიანი “გადავარდნები” მილიტარიზმში შაბათ-კვირაობით

2009-შივე თავს “დავესხით” ნამდვილ სამხედრო ობიექტს, “სრული რეალიზმით”, როცა აირსოფტერების ჯგუფმა არ იცოდა კონკრეტულად სად არის სამხედრო ობიექტი, იცოდა მარტო რეგიონი და სამხდროებმა არ იცოდნენ მომავალი 48 საათის განმავლობაში როდის და რანაირად იპოვის თავდამსხმელი ჯგუფი ობიექტს, დაგეგმავს და აღასრულებს შეტევას

ერთ-ერთი ეპიკური თამაში გამოვიდა, გაიტესტა იმ ბაზის დაცვა და პროტოკოლი

მას შემდეგ გვქონდა რამდენიმე მაგარი წელი, უკვე ტრადიციად ქცეული სცენარებით: “დიდგორის ღამის თამაში”, “რკონის 2 დღიანი”, “წოდორეთის შეტევა”, “ასურეთის დამბა” და ა.შ.

პარალელურად ქვეყანა ვითარდებოდა… ორხევის ქარხანა საბოლოოდ დაშალეს და დაიკარგა როგორც სათამაშო ზონა, ფონიჭალის ქარხნის ტერიტორიაზე სამხედროები “შესახლდნენ”. შავნაბადას ფერმებზე მონასტერმა გვითხრა ჩვენ ვიყენებთო და ნუ მოდიხართო, კოჯორში მიტოვებული ფერმები - დაშალეს და წაიღეს მეორად საშენ მასალად(ეგეთიც არსებობს თურმე), მოკლედ ნელ-ნელა შეიზღუდა არჩევანიც ქალაქის გარშემო სათამაშო ადგილების

პარალელურად ღვინდებოდა “დიდი კლუბიც” - დაიშალნენ რამდენიმე ჯერ არც თუ პატარა ცალ-ცალკე კლუბებად, ბევრად გამკაცრდა დისციპლინა და წესები, უკვე ვთამაშობდით ხოლმე ერთადაც

სადღაც იმავე დროს გაჩნდა კლუბი ბათუმშიც

თამაში 2 წლის წინ, საერთოდ ჩემ ჩენელზე უამრავი ვიდეოებია, 5-6 წლის წინანდელი, დანარჩენი ვიდეოები ძველ ჩენელზე დარჩა (ზემოთ დავლინკე) და კიდევ მიმოფანტულია კიდევ ქსელში, მაშინ youtube ჯერ კიდევ არ იყო ეგეთი ტრენდი

და აი კიდევ გავიდა წლები და მოვედით დღემდე

დღეს თბილისში არის რამდენიმე კარგად ჩამოყალიბებული airsoft კლუბი, რომლებიც კარგ ამინდიან კვირის დღეებში დავდივართ ქალაქგარეთ სათამაშოდ, ძირითადად ცალ-ცალკე, ხანდახან ერთად.

როგორც წესი კლუბებს აქვთ “თავიანთი” პოლიგონი, სადაც უმეტესწილად დადიან, მაგალითად საგურამოში, ლილოს მხარეს, ვეძისში (ბოლო დროს ჩაერია მთავრობა და გაგვიუქმეს) - და უკვე იქ მერე სტუმრად დავდივართ ხოლმე ერთმანეთთან

არის “აირსოფტის ასოციაცია” - რომლებიც უფრო “ოფიციალური” განწყობით მუშაობენ, მარა რეალურად ისენიც კლუბია უბრალოდ მათ უფრო ოფიციალური ფორმატი მოსწონთ და სამაგიეროდ გარკვეული მხარდაჭერა აქვთ მთავრობისგან და საინტერესო ივენთები მათთან ერთად

საბოლოოდ ყველანი მეგობრები ვართ და ერთი დიდი საზოგადოებაა ერთი ინტერესის გარშემო გაერთიანებული

ერთად თამაშის “პრობლემა” კი იმაშია, რომ წლების მანძილზე კლუბებში ჩამოყალიბდა პატარა სხვაობები “დაუწერელ” წესებში, მაგალითად ერთ კლუბში თავში ახლოდან სროლა “უტაქტობაა” და იწვევს გაღიზიანებას, მეორე კლუბში ავტომატური ჯერით სროლა არის უტაქტობა, მესამე კლუბში ახლოდან სროლა თუ ზურგიდან დაადექი ითვლება უტაქტობად და “ბუხ” უნდა უთხრა, მეოთხე კლუბში გრანატად ითვლება ყველაფერი რაც აფეთქების ხმას გამოსცემს და ვინც ახლოს არის ავტომატურად უნდა მოკვდნენ, სხვა კლუბებში კი უნდა იმ ასაფეთქებელმა ბურთულები გაყაროს და ის ბურთულა უნდა მოგხვდეს რო მკვდრად ჩაითვალო

ეს ყველა წესი არსებობს მთელ მსოფლიოშიც, ზოგ კლუბში მეტი “რეალიზმია”, ზოგი უფრო გასართობია, ზოგი უფრო დასასვენებელი, ზოგს კიდე საერთოდ თავისი შეხედულება აქვს რას ნიშნავს მეტი რეალიზმი

ჩვენთანაც იგივე სურათია, ზოგი კლუბი იკრიბება კვირას დილის 9-ზე და ღამის 8-მდე თავგამოდებით იბრძვის, ზოგი იკრიბება 11-ზე, პოლიგონზე მიდის 2-ზე, იცვლის 3-მდე, თამაშობს 1 საათი, მერე თამაშს წყვეტენ, წვავენ მწვადებს და სვამენ და ინტვირთებიან - და არ დაგიმალავთ და ერთმანეთთან სტუმრობა და სხვის წესებზე და აირსოფტისადმი მიდგომაზე გადაწყობა - ხანდახან - ძალიან სასიამოვნო დღეა, არც მწვადაობაა ცუდი და როცა საჭიროა - იმ კლუბის წევრებმაც კარგად იციან აირსოფტის თამაში და ხარისხიანად იბრძვიან სხვა კლუბის მოწყობილ 2 დღიანზე

მარა მერე მაინც ყველა კლუბი თავის ხედვას უბრუნდება და თავისი აზრი აქვს იმაზე რა უნდა იყოს “ჭეშმარიტი” აირსოფტი, როგორც სამსახურისგან დასვენების ერთადერთი კვირა დღის “გახარჯვა”

Airsoft Arena-ს იდეა ახალი არ არის თავისთავად, ჯერ კიდევ 2000 წელშივე რა თქმა უნდა ხან ვინ გამოდიოდა იდეით მსგავსის შექმნის და ხან ვინ

მე გავაკეთე მხოლოდ 2016 წელს იმიტომ, რომ ადგილი მომეჩვენა შესაფერისი და დრო, სამყაროსა და სივრცეში

ამ 16 წლის მანძილზე უამრავი მეგობარი დამიგროვდა ვისაც სულ უნდა აირსოფტის თამაში - მარა სულ ვერ იცლის იმისთვის რო კვირას დილას 10-ზე მოვიდეს დელისზე და 7-მდე იყოს ქალაქგარეთ (რო არაფერი ვთქვათ 2 დღიანებზე და შაბათს საღამოდან კვირა ღამემდე ტყე-ტყე სირბილის აუცილებლობაზე)

პლიუს ამას ბევრისთვის აირსოფტი არ არის ისეთი პრიორიტეტი ცხოვრებაში რო 400+ ლარი გადაიხადოს იარაღში, შეიძინოს ფორმა, ტყვიები, ბათინკები და სხვა საჭირო ინვენტარი

შედეგად Airsoft Arena არის ეგეთი “არაპროფესიონალური” სათამაშო გარემო, არც ისე პატარა როგორც ზოგს ჰგონია, სადაც ჩვენ ვთავაზობთ ბევრად ფართო მასებს - ყველაფერს მზა-მზარეულს

ინებეთ იარაღი, ინებეთ ფორმა, ინებეთ მასკა (და არა სათვალე როგროც ეს მიღებულია “პროფესიონალურ” აირსოფტში, იმიტო რო პროფესიონალებში თამაშობ 8 საათი და ხშირად იმდენ ტყვიას არც ისვრი რასაც Airsoft Arena-ზე მოსული სტუმრები 15 წუთში ხარჯავენ და ესვრიან ერთმანეთს 5 მეტრიდან), თამაშს ესწრებიან მსაჯები და ინსტრუქტორები, სცენარი და რუკა არის როგორც უმეტესობა ხალხისთვის ცნობილ Counter-Strike თამაშში, პოლიგონი სუფთაა, მოსაცდელი რბილი სკამებით, ტელევიზორი ლაივ სტრიმით, კოკა-კოლის მაცივარი მეტი კომფორტისთვის და ა.შ.

მოკლედ Airsoft Arena არის ეგეთი ნახევრად სპორტული “გაშალაშინებული” ვერსია აირსოფტისა, მორგებული ბევრად ფართო მასაზე, და რაც სასიამოვნოა - ყველა გამოცდილმა მოთამაშემ ვინც ითამაშა, ზოგმა 10 წლიანი სტაჟით ბუნებაში ბრძოლის - ყველამ თქვა რო ძალიან გაუსწორდა თავისებურად როგორც ერთ-ერთი სცენარი და გარემო

რა თქმა უნდა პროფესიონალი არისოფტერისთვის არენა ვერ ჩაანაცვლებს ბუნებაში მთელ დღიან თამაშებს, მეც პირადად კვირაობით დავდივარ ისევ ტყე-ღრე…

ჩვენი თამაშის წლევანდელი ვიდეო, კონკრეტულად ეს ავტომატი ეხლა "ტერორისტების" კალაშებიდან ერთ-ერთი არჩევანია არენაზე(დასუსტებული ზამბარით რა თქმა უნდა, ტყეში ბრძოლის მანძილები და არენას მანძილები ძალიან განსხვავდება და 5 მეტრიდან ზედმეტად მწარე იყო...)

ვიდეოს დასაწყისში გვერდით ველაპარაკები ჩემს ძმას რომელიც აირსოფტის სუ პირველ თამაშზეც იყო 16 წლის წინ




მაგრამ ის რომ ხუთშაბათ საღამოს შეუძლია მოკრიბოს 5-6 ძმაკაცი და საღამოს 8 საათზე წამოიყვანოს ნერვების დასაწყნარებლად არენაზე 30 წუთით - ძალიან კარგი “დამატებაა” საერთო აირსოფტ ცხვორებაში, მითუმეტეს რო Airsoft Arena ის იშვიათი გარემოა სადაც შეიძლება მეგობარი გოგონაც ან მეუღლეც წამოიყვანო და მასთან ერთად ითამაშო, იმიტო რო კვირა დღეს მთელი დღით ბუნებაში წასვლა - როგორც წესი ცოლისგან “დასვენების” ერთ-ერთი ფორმაა ხოლმე და იშვიათად იქაურ თამაშებზე მდედრი ნახოთ ვინმე.

არენაზე კი უკვე რამდენჯერმე იყო შემთხვევა როდესაც მოვიდნენ სამეგობრო, ცოლებით - და “გოგოები ბიჭებზე” თამაშში - ცოლებმა მოიგეს! (არა, ქმრებს არ დაუთმიათ, უბრალოდ კაცებს აქვთ ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მდედრები “მე არაფერი არ ვიცი, მასწავლეთ” უყურებენ საკითხს, რაც იწვევს იმას რო “რემბო” კაცები - რემბოობისას უშვებენ მილიონ შეცდომას და განსხვავებით ფილმის გმირისგან - აქ ეგრევე კვდებიან 1 ბურთულას მოხვედრით, ცოლები კი ბევრად ფრთხილობენ და შედეგად…)

ერთი დიდი პრობლემა თბილისი მოლში აირსოფტ არენას გახსნისა, და ის თუ რატომ აქამდე არ გახსნილა მსგავსი რამ, სხვა კლუბებშიც არიან გამოცდილი ხალხი რამდენიმე წლიანი გამოცდილებით და სრული ლეგიტიმაციით მსგავსი რამ შეექმნათ - არის ის რო არა რენტაბელურია, ან უფრო სწორად რენტაბელურობის წკიპზეა, განსაკუთრებით მას მერე რაც 2008-წლის ომით გამოწვეულმა “ბუმმა” ჩაიარა და ბოლის გამოშვება აღარ არის აქტუალური

ჩვენ ამ მომენტისთვისაც “გადარჩენისთვის” ვიბრძვით და იმ ფასით რომელიც ეხლა გვაქ - ასეც იქნება სულ სანამ ხალხი საერთოდ ივლის

აირსოფტის იარაღები ძალიან ფაქიზი და მტვრევადი აგრეგატებია და პრაქტიკულად ყოველ დღე მიწევს 1-2-ის რემონტი, 18 ავტომატიდან ამ მომენთვის ყველა გაფუჭების პირას არის და მომხმარებელი რომელიც ფულს იხდის ისე უდიერად ეპყრობა…

თითო იარაღი კი 400 ლარია, ტყვიები 20 ლარი ღირს 4000 ცალი, თითო 10 კაციან თამაშზე თითო მოთამაშე 200-ს მაინც ისვრის, + ამას თბილისი მოლში 1700 კვადრატულის ქირა, 10 მდე დასაქმებული თანამშრომელი, კომუნალური გადასახადები, სხვა და სხვა დაზღვევები და ჰაერზე გასროლილი ხარჯები და… და მერე ვინმე ფეისბუქის გვერდზე პიემს იწერება “10 ლარი კაცზეა თუ მთელს გუნდზეო”

მიწევს პასუხის გაცემა რომ “ნებისმიერ პარკში ტირში ჩვენნაირი იარაღებიდან 10 ცალი ტყვიის გასროლა - 3 ლარი ღირს, ჩვენთან იგივე ტყვიები, იგივე ავტომატებიდან ულიმიტოა და თანაც ცოცხალ ადამიანებს ესვრი, თბილისში კარტინგზე კატაობა - 10 წუთი 20 ლარი ღირს, ნეტა რა უნდა ღირდეს ან ტყვიები, ან მოლის ქირა, ან ავტომატები, ან ფორმები, ან მასკები, ან კამერები ლაივ სტრიმისთვის - რო ადამიანმა წარმოიდგინოს რო 10 ლარი შეიძლება ღირდეს 5 კაცისთვის მთელი თამაში?”

მაგრამ სამაგიეროდ თბილისი მოლს ის პლიუსი აქვს რო დახურული, კონდიცირებული სივრცეა, წვიმა და თოვლი არ გვაშინებს, გარშემო უამრავი მაღაზიები და თავშესაქცევია, ზოგადად “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია” - მოკლედ თუ სადმე უნდა გამეხსნა - მანდ უნდა გამეხსნა

პროფესიონალი აირსოფტერების თამაში არენაზე საკუთარი პისტოლეტებით

და ჩემი საარსებო შემოსავალი ჩემს პროფესიას უკავშირდება და არა აირსოფტს, ეს კი თავის თავს თუ შეინახავს ბედნიერი ვიქნები რო აირსოფტში მართლა ყველაფერი ვცადე და ვქენი რაც რამე შეიძლებოდა და კიდევ…

ჩემი პირადი მიზანი უკვე ბევრი წელია - არის ყველა ქართველმა ადამიანმა, განურჩევლად სქესისა - იცოდეს იარაღის ელემენტარული ხმარება, თანაც არა უბრალოდ “სარეკრეაციო” ხმარება - სროლა მიზანში ბუნებაში (რაც ასევე მნიშვნელოვანია)

არამედ ზუსტად ის - თუ რა არის იარაღით ხელში ინადირო - შეიარაღებულ მონადირეზე, ვინც სცადა აირსოფტი - ყველამ იცის რაზე მაქ საუბარი, სრულიად განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა როცა იცი რო ვიღაც ეხლა ჩასაფრებულია და უნდა რო “მოგკლას” - თუნდაც ეს მოკვლა პირობითი იყოს, ტყვია საკმაოდ მწარეა ბოლო ბოლო და სულ არ გიხარია “დამარცხება”

მსიამოვნებს ყურება როგორ მოდიან არენაზე ადამიანები ვინც კალაშნიკოვზე დამცველის მოხსნაც კი არ იციან და მოუხერხებლად და უხერხულად უკავიათ ავტომატი პირველი თამაშებისას

და როგორ ბრუნდებიან მერე ისენი მესამედ ან მეოთხედ და უკვე სასიამოვნო საყურებელია მათი თამაში, როგორ “შეკრულად” უკავიათ იარაღი, როგორ გააზრებულად მოქმედებენ…

რა თქმა უნდა ეს ზღვაში წვეთია, მხოლოდ ძალიან ვიწრო და პირობითი სამხედრო მომზადების ფორმა, შეფუთული “თამაშად” - იმიტომ რომ ადამიანები ყველაზე კარგად სწავლობენ რაიმეს როცა თამაშობენ და დაძალების ნაცვლად სიამოვნებთ და უხარიათ რასაც აკეთებენ

მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ გარდა იმ წრისა რომლებიც მზად იყვნენ ამ სპორტზე, გართობაზე, ვარჯიშის ფორმაზე - დაეხარჯათ მთელი კვირა დღე და დიდი ფინანსები, გაჩნდება უამრავი ადამიანი ვისაც ეცოდინება ელემენტარული იარაღის ფლობის მექანიკა და ელემენტარული მოსაზრება ექნებათ იმაზე - რა არის “იბრძოლო” ადამიანის წინააღმდეგ, პირველივე 5 წუთი აირსოფტისა - სამუდამოდ გავიწყებს ჰოლივუდურ ფილმებს, პირველივე 5 წუთში ხვდები რო მოწინააღმდეგე შენსავით ეშმაკია, შენსავით სწრაფია, შენსავით უნდა მოიგოს…

მოკლედ აირსოფტ არენა-ს შედარება “კვირა დღეს ბუნებაში გასვლასთან” - სრულებით გაუმართლებელია და ნამდვილად არ ანაცვლებს ერთმანეთს, არც მათთვის ვინც დადის ბუნებაში კვირაობით პლასმასის ტყვიების სასროლად - იმიტო რო 55x65-ზე პოლიგონი ნამდვილად არ არის საკმარისი ეგეთი ენთუზიაზისტისთვის მთელი დღის დასახარჯად, მაგრამ ის ადამიანები ვინც არასოდეს მოაბეს თავი ბუნებაში წამოსვლას - ასევე გაეცნობიან აირსოფტს და იპოვნიან თავიანთ ნიშას. პლიუს ამას აირსოფტერიც იპოვის პატარა თავშესაქცევს - კვირის დღეებში საღამოობით სხვა მეგობრებთან ერთად გასართობად, და პირიქით - ზოგი სტუმარი ინტერესდება კვირის ივენთებით და დაკავდება პროფესიონალური აირსოფტითაც